იუსტიციის მინისტრს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სახელმწიფო დაცვა კანონით აღარ ექნებათ გარანტირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, კანონით დასაცავ პირთა ჩამონათვალში დარჩებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები,
საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონით დაწესდება პირადი დაცვის გამოყოფის საერთო წესი, რაც განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ამ კონკრეტულ ცვლილებას აქვს ყოველდღიური პრაქტიკული საფუძველიც.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც დასაცავი პირები უარს აცხადებენ სახელმწიფო დაცვით სარგებლობაზე, რის შედეგადაც კანონით უპირობოდ დაკისრებული ვალდებულება რჩება ფაქტიურად განუხორციელებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებული და უფრო მოქნილი ფორმა იქნება პირადი დაცვის გამოყოფა ან დაცვის განხორციელების შეწყვეტა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (განკარგულკების) შესაბამისად", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპრეოქტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი.