სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების წახალისებლად ჯილდო იარაღიც იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონში.
მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისთვის, წასახალისებლად გამოიყენება მადლობის გამოცხადება, პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; 5 დღე-ღამით დამატებითი შვებულების მიცემა; მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
კანონპროექტის თანახმად კი, ამ ჩამონათვალს იარაღის ჯილდოდ გადაცემაც ემატება, ასევე წახალისების ღონისძიების სახით, შეიძლება დამატებით უწყებრივი ჯილდოებიც დაწესდეს.
კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.