"ქართული დასის" ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ექსპერტებს გააცნო.
როგორც ბაღათურიამ შეხვედრაზე განაცხადა, თავისუფალ მედიაზე, ასევე ცალკეულ ჟურნალისტებზე, რედაქციებზე, ტელეკომპანიებზე ხშირია თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.
"ტელეკომპანია იმედში 2007 წელს სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის საკითხი დღემდე არ არის გამოძიებული. ამასთან, შესაბამის უწყებების მიერ ჟურნალისტებზე და რედაქციებზე ზეწოლის ფაქტების ნაწილზე გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა, ხოლო საქმების ნაწილზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიც კი არ არის", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით აუცილებელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის, რათა ჟურნალისტებზე ზეწოლის არცერთი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩეს.