"ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანს" არ დატოვებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რვიანის" წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, "ქრისტიან-დემოკრატებსა" და "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელ ალეკო შალამბერიძეს შორის მომხდარი ინციდენტი ამოწურულია.
"რვიანმა" ისაუბრა ამ თემაზე. ალეკო შალამბერიძემ განმარტა, თუ რას გულისხმობდა "ქრისტიან-დემოკრატების" მისამართით საგაზეთო ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაში. ინციდენტი ამოწურულია. "ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანში" რჩება და მინდა გითხრათ, რომ ის წასვლას არც აპირებდა, უბრალოდ, ლევან ვეფხვაძის გუშინდელი განცხადება არასწორად იყო უტრირებული", - განმარტა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ შალამბერიძე 13 ივნისის "ვერსიის" ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში აცხადებდა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანის" მხრიდან სამოქალაქო აქტიურობის დაწყებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულს ლევან ვფხვაძის გაღიზიანება მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანში" მისი ყოფნის მიზანშეწონილობას გადახედავდა.