მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაცია კვლავ მერიის პრეროგატივა იქნება.
როგორც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განმარტა, კანონპროექტის ტექსტში შეცდომა გაიპარა, რომლის მიხედვითაც აქციების რეგულაცია საკრებულოს პრეროგატივა ხდებოდა.
"აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ შეტყობინება და რეგულაცია კვლავ მერიის პრეროგატივა იქნება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.
კანონპროექტის თანახმად კი, ამ ჩამონათვალს ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.