პოლიციის ავტომანქანისთვის ხელის მირტყმის გამო 20 წელს ან სამუდამო პატიმრობას არავის მიუსჯიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
"არავის წარმოუდგენია ისე, რომ ვინმემ გაიარა, ხელი მიარტყა პოლიციის მანქანას და ამის გამო 20 წელი ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, თუ რომელიმე ორგანიზებული ჯგუფი თავს ესხმის პოლიციელს და ამას შედეგად მისი გარდაცვლება მოჰყვა, ბუნებრივია, ამაზე ძალიან მკაცრი სასჯელი უნდა იყოს და სწორედ ამ შემთხვევაში არის უვადო თავისუფლების აღკვეთა და თუ ვიღაცამ ჯოხი ჩაარტყა, ამისთვის ამ სასჯელს არ მიუსჯიან.
"თავდასხმა არის სულ სხვა შინაარსის მატარებელი. ერთია - წინააღმდეგობა გაუწიო პოლიციელს, რომელიც თავის კანონიერ მოთხოვნას აყენებს, ხოლო მეორეა - ორგანიზებულ ხასიათის თავდასხმა მოახდინო. აქ საზოგადების საშიშროების შემქმნის ალბათობა ძალიან მაღალია", - განმარტავს დეპუტატი.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურეობრივ და საცხოვრებელ შენობებზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა შვიდიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან უვადო პატიმრობით დაისჯება.