"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიასთან გავლილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
"ვენეციის კომისიასთან კანონპროექტზე იყო საუბრები და საერთაშორისო კუთხით პრობლემები არ არის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტილების თანახმად, შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ლეგიტიმურად და ლოგიკურად დაწესდეს 20 მეტრის რადიუსით დაშორება ამა თუ იმ შენობიდან.
"საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მოიყვანა ასეთად პოლიციის შენობა, სასჯელაღსრულები დაწესებულებები, სასამართლოები, პროკურატურა და სამხედრო ნაწილები. ეს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ წაიკითხოს ყველა დარწმუნდება, რომ გაუქმებული 20 მეტრის რადიუსთან დაკავშირებით ის ნორმა არ არის. პირიქით, სასამართლომ დასაბუთა, რომ შეიძლება ასეთი შეზღუდვა დაწესდეს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.