"ქრისტიან-დემოკრატებმა," შესაძლოა, "რვიანი" დატოვოს.
"ურთიერთობების შესაძლო გადახედვის" თაობაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, itv-ის პრესკლუბში გააკეთა.
ვეფხვაძე გაზეთ "ვერსიაში" დაბეჭდილ, "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო შალამბერიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია "ხელი ჩამოართვას კაცს, რომელიც მას ლანძღავს".
"ნებისმიერი თავმოყვარე პოლიტიკური პარტია და ადამიანი აუცილებლად გადახედავს ურთიერთობებს იმ განცხადებების მერე, რაც ჩვენ წავიკითხეთ გაზეთ "ვერსიაში". თუ ვინმეს ჩვენთან პრობლემა აქვს, მზად ვართ გადავხედოთ ამ ურთიერთობებს. არ მინდა ეჭვის თვალით მიკურებდნენ. არ შემიძლია, გამლანძღონ და მერე მივიდე და ხელი ჩამოვართვა. ამას არ ვიზამ. თვითონ გააკეთონ დასკვნები. უნდათ, "რვიანის" დაშლა უწოდონ და უნდათ, მოშლა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მიუღებელია "რვიანის" გაფართოება და მასში იმ ძალების თავმოყრა, რომლებიც პროცესების ქუჩაში განვითარების მომხრეა და მაისის აქციებს ხელმძღვანელობდნენ.