IFC საფინანსო სექტორის გაძლიერების მიზნით საქართველოში რისკის მართვის სერტიფიცირების პროგრამას იწყებს. დღეს IFC-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრთან, რათა ერთობლივად განახორციელონ რისკის მართვის სერტიფიცირების პროგრამა საქართველოში. პროგრამის ფარგლებში საფინანსო სექტორის თანამშრომლებს გააცნობენ რისკის მართვის მეთოდოლოგიას, ბანკებში რისკის მართვისათვის საჭირო სტრუქტურის თავისუბურებებს, ასევე ამ სფეროში მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებსა და კონცეფციებს, რაც მათ ფინანსური რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში დაეხმარება.
საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოში ხელს უწყობს საფინანსო სექტორის გაძლიერებას რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით, რომელიც საფინანსო სექტორის თანამშრომლებს რისკის მართვის სფეროში ცოდნის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
პროგრამა ხორციელდება რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიოში ფინანსური რისკების სატესტო და სასერტიფიკაციო პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების სფეროს ლიდერადაა აღიარებული.
`ეს გახლავთ რისკის მართვის პირველი პროგრამა საქართველოში, რომელსაც რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან პარტნიორობით განვახორციელებთ. ეს ასოციაცია რისკის მენეჯერების მსოფლიოში აღიარებული საწევრო ორგანიზაციაა. მივესალმებით საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრს, ჩვენს პარტნიორს საქართველოში, და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რათა ისინი მდგრადები აღმოჩნდნენ მომავალში შესაძლო ფინანსური კრიზისების მიმართ"- განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა.
პროგრამა დაიწყება საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრის თანამშრომელთა ტრენინგით, რომლებიც, სათანადო ცოდნით აღჭურვის შემდეგ, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFჩ-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.
IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 36 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC-ის საკონსულტაციო პროექტი კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.