შემოსავლების სამსახურის ინიციატივით გადასახადის გადამხდელებს ახალი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცათ. გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ 09-ის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით და კვალიფიციური პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე. სულ მალე ასეთი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ 08-ის მომხმარებლებსაც.შემოსავლების სამსახური თავად უზრუნველყოფს აღნიშნული საინფორმაციო ცენტრების ინფორმირებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მოქალაქეს ინფორმაციის მიღება შეუძლია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საშუალებითაც, ელექტრონული ფოსტით: info@rs.ge, callcentre@mof.ge.
ასევე, გადამხდელთათვის ინფორმაციის მიღების გამარტივებისათვის შემოსავლების სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახური საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადამხდელებისათვის საჭირო საბაჟო და საგადასახადო პროცედურების განხორციელების წესებს სისტემატურად გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია, მსგავსი ფორმით, დღემდე არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი.
შემოსავლების სამსახურის მიერ დასახული, ახალი, საკომუნიკაციო სისტემის მიზანია, გადასახადის გადამხდელს მიეწოდოს საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე პროცესებზე მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ხელი შეეწყოს გადამხდელთათვის მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საინფორმაციო გარემოს შექმნას.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული შიდა ინსტრუქცია და მეთოდური მითითება, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებები.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან და საკანონმდებლო მაცნედან მიღებული ინფორმაციის საშუალებით გადამხდელს შეუძლია საგადასახადო და საბაჟო მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე გაეცნოს მისთვის საინტერესო ინფორმაციას.