ივლისის დასაწყისში ბათუმში ჩასულ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ საზოგადოებრივი ველოსისტემით ისარგებლონ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა დიასამიძემ განაცხადა, საფრანგეთიდან უკვე ჩამოტანილია 150 ველოსიპედი, რომლის გაქირავებაც დაახლოებით ივლისის დასაწყისიდან დაიწყება.
ვაჟა დიასამიძის განმარტებით, ერთ კვირაში ბათუმში ფრანგული კომპანია Intercycles-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილზე შეიმუშავებენ საზოგადოებრივი ველოსისტემის ექსპლუატაციის გეგმას და სწორედ ამის შემდეგ დადგინდება ველოსიპედებით სარგებლობის ტარიფებიც. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ველოსიპედით, ერთი საათით სარგებლობა, 1-დან 5 ლარამდე ეღირება.
ცნობილია ასევე ისიც, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის აბონემენტები გაიყიდება, ხოლო უცხოელი ტურისტებისათვის კი სპეციალური პლასტიკური ბარათი, რომელზეც ანგარიშსწორება საკრედიტო ბარათებით მოხდება.
რამდენიმე თვის უკან, ბათუმის მერიასა და ფრანგულ კომპანია Intercycles -ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც Intercycles ვალდებული გახდა ბათუმში საზოგადოებრივი ველოსისტემის ოპერირება განეხორციელებინა.
"თამარის" (ე. წ. ბენზე) დასახლებიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე საზოგადოებრივი ველოსისტის მოწყობა ფაქტობრივად დასრულებულია, სადაც ნებისმიერ მსურველს ველოსიპედით გასეირნება და მისი დაქირავება შეეძლება.
პირველი ეტაპისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ტერმინალი ამოქმედდება, რომელსაც 150 ველსიპედი მოემსახურება.
პროექტი ბიუჯეტს 200 ათასი ევრო დაუჯდა და მისი განხორციელება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სისტემა პირველია საქართველოში და მთელს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში; ბათუმის ველო სისტემა იძლევა კარგ საშუალებას იაფად, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ქალაქის დათვალიერების. აღნიშნული სისტემის დანერგვა გაამრავალფეროვნებს ტურისტულ პროდუქტს.
საზოგადოებრივი ველოსისტემა სამომავლოდ ქობულეთის ბოლომდეც დაგრძელდება. ველოსისტემებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელს შეუძლია იქირაოს ველოსიპედი 24 საათის განმავლობაში, ასეთი ტერმინალები ქალაქში იქნება რამდენიმე, გადახდა იწარმოებს სპეციალური ბარათების საშუალებით