საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მიღწეული პროგრესის კუთხით რეგიონში პირველი ქვეყანაა.
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში პროგრესის კუთხით რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს. იმედია, მას სხვა სახელმწიფოებიც დაეწევიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი სტანდარტებია", - განმარტა კარლ ბილდტმა.
ამასთან, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსეთის ვმო-ში შესვლა ორგანიზაციის გარდა, საქართველოსთვისას სასარგებლო იქნება.
გარდა ამისა, კარლ ბილდტი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილ და განხოციელებულ ტერორისტული აქტების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამ თემაზე კითხვები უნდა წამოიჭრას".
"კითხვები უნდა წამოიჭრას და ჩვენ ჩვენი დიპლომატიური წყაროების საშუალებით ვცდილობთ მათზე პასუხის მიღებას, თუმცა პასუხი ჯერ არ გვაქვს", - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ კარლ ბილდტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა.