სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია უფლებადამცველებს ფხიზლად ყოფნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბესელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის 2009 წლის 15 ივნისს მომხდარ აქციის დარბევას იხსენებს და აღწერს.
ბესელიას განცხადების თანახმად, 2009 წლის 15 ივნისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მართავდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.
"ახალგაზრდები კანონის სრული დაცვით, შენობიდან გზის მოპირდაპირე მხარეს მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდნენ პოლიცის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ რეპრესიებსა და დაპატიმრებებს, როდესაც 300-ზე მეტი პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა, რეზინისა და რკინის ხელკეტით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა სასტიკად დაარბია მშვიდობანი მომიტინგეები. პოლიციელებმა არ დაინდეს არც ქალები და არც იქ მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. წაართვეს კამერები და ვიდეომასალა. სასტიკად იყო ნაცემი 99 ადამიანი. ჩადენილი იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც მე პირადად მივმართე 2009 წლის ივნისში მთავარ პროკურორს, შს მინისტრის ი. მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად, ასევე დამნაშავე პირთა დასჯის მოთხოვნით. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ფორმალურად, რადგან დღემდე არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ამის თაობაზე აღნიშნული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, ასევე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ შეახსენა განცხადებით "ემნისტი ინტერნეიშენალმა" საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ არის გამოძიებული მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის საქმეები", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბესელია მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენიც და გამომძიებელიც დღეს ერთი მხარეა, რაც ქმნის ქვეყანაში უსამართლობისა და დაუსჯელობის ტოტალურ განცდას.
"უფლებადამცველების მოვალეობაა ასეთი ფაქტების მიმართ იყვნენ ფხიზლად და მუდმივად აყენებდნენ დღის წესრიგში ამ თემებს", - დასძინა ბესელიამ.