ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პეტროს ეფთიმიუ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს დამკვირვებლების შესვლის საკითხი იყო.
"ცხადია, უსაფრთხოების საკითხებში პრობლემების თავი და თავი რუსეთია, რომელიც დღემდე იყენებს ვეტოს და არ აძლევს ორგანიზაციას საშუალებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორები შეიყვანოს. ჩვენ დავინტერესდით, რატომ ხდება, რომ დღემდე რუსეთს საშუალება ეძლევა და ახერხებს ეუთოს მისიის საქართველოში შემოსვლის დაბლოკვას", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, პეტროს ეფთიმიუს სთხოვეს ეუთოს დემოკრატისა და ადამიანის უფლების მხარდამჭერი ოფისის აღდგენა საქართველოში ,რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების პროცესსაც.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პეტროს ეფთიმიუ დღესვე საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც დავით ბაქრაძე და პეტროს ეფთიმიუ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.