კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ჟენევის მოლაპარაკებებიდან გასვლის შესახებ ქართული მხარის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმი მიუღებლად მიაჩნია.
"ეს არის ყოვლად მიუღებელი. იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდება დაუმტკიცო, ყველაზე კარგი ფორმატი სწორედ ჟენევის ფორმატია, რადგან იქ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გაერო არიან წარმოდგენილნი. საქართველოს აქვს ლეგიტიმური უფლება მოსთხოვოს ჟენევის ფორმატს, კეთილი ინებონ და გამოიძიონ ეს საქმეები და არა დაიმუქროს, რომ წავა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ცდილობს ქართული მხარე აამუშაოს მოლაპარაკების ეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატი", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, რუსეთთან არა ულტიმატუმების ენით ლაპარაკი, არამედ ქვეყანაში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამოძიებისთვის ამ ფორმატის კიდევ უფრო მეტად ეფექტურად გამოყენებაა აუცილებელი.
"გაუგებარია ისიც, რომ ქართულმა მხარემ გაანადგურა ასაფეთქებელი მასალები და გამოძიებამ რომ მოინდომოს, ვეღარ დაადგენს, სად არის ის დამზადებული. მთელი ბრალდება დაფუძვნებულია მხოლოდ ეჭვმიტანილის აღიარებაზე, რაც, თავისთავად, არ არის სანდო , რადგან ეჭვმიტანილი შეიძლება ტყუოდეს, სხვა დამნაშავეებს ფარავდეს, სხვის დანაშაულს თავის თავზე იღებდეს და .ა.შ. ამას სჭირდება გამოძიება, გამოძიებას კი ორივე მხარესთან ურთიერთობები, რაც ჟენევის ფორმატს შეუძლია. ასე რომ, რუსეთს ულტიმატუმების ენით კი არ უნდა ველაპარაკოთ, არამედ ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტურად ავამუშაოთ", - განმარტა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე რუსეთს ულტიმატუმს უყენებს და ჟენევის მოლაპარაკებებიდან გასვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას არ შეწყვეტს.