საქართველოში თავის გამასხარავებაც კი არ არის გარანტია იმისა, რომ დაცული იქნები რეპრესიებისგან, ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლუარის საპასუხოდ განაცხადა.
"მე ვიცი, რომ ნუგზარი, მართლაც წიგნიერი ადამიანია და მას არა მხოლოდ ანოტაცია, ან სათაური ექნება წაკითხული ამ ნაწარმოების. ნაწარმების შინაარსი სწორედ თქვენს წინააღმდეგ მეტყველებს. ნაწარმოებში ადამიანის ერთი დღის ცხოვრება არის აღწერილი, სადაც მას უხდება თავი მოჩვენოს სულელად, მასხარად რათა დაუცვას თავი მაშინდელი საზოგადოების რეპრესიებისგან", - აღნიშნა თარგამაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამ მხრივ ქართული სინამდვილე კიდევ უფრო მძიმე და მწარე, ვიდრე ჰაინრიხ ბიოლის მიერ აღწერილ მოთხრობაში.
"აქ თვით თავის გამასხარავებაც კი არ არის გარანტია იმისა, რომ დაცული იქნები იმ რეპრესიებისგან, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ატარებს ცალკეულ პროფესიების ადამიანების მიმართ", - განაცხადა თარგამაძემ.