საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სახალხო დამცველს უთანაგრძნობს იმის გამო, რომ ოპოზიციამ მის ანგარიშზე კლოუნადა გამართა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ შეფასებისას ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ის აფასებს ომბუდსმენის შრომას, მაგრამ თანაგრძნობას უცხადებს ოპოზიციის შეფასებების გამო, რომელიც არაკვალიფიციურობა და უპასუხისმგებლობა იყო.
"საბრალდებო დასკვნა უწოდა თარგამაძემ თქვენ დასკვნას და ამით დაემსგავსა "საბრალდებო დასკვნის" ცნობილ პერსონაჟს ტიგრან გულოიანს", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ზოგადად სახალხო დამცველის ანგარიში მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია იმათთვის, ვისაც მართლაც გადაუწყვეტია რომ ქვეყანა დემოკრატიის გზით წაიყვანოს და ყოველდღიური საქმიანობით გადადგას პოზიტიური ნაბიჯები.
"ამ თვალსაზრისით გაწეულია შრომა და მადლობას იმსახურებს. ამ კრიტიკით, ჩვენ უკეთესი განვითარებისკენ გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატი 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ მთელი ეს პროცესი, დიქტატურის მოახლოებად შეაფასა.
"კანონის აღსრულება არ არის სასიამოვნო საყურებელი", - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ოპოზიციის შეფასებები არის ძალიან სულმდაბალი სპეკულაცია იმით, რაც მოხდა და რაც ხელისუფლებას აწუხებს.
მისივე თქმით, ეს არავის არ უნდა აძლევდეს იმის საბაბს, რომ პოლიტიკური კალათის ამოვსება ამ საწყალობელი ქულებით დაიწყოს.
"არის ცნობილი რომანი "კლოუნის თვალთახედვა", არ მინდა ასეთ სეროზულ თემებზე კამათი დაემსგავსოს კლოუნადას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკრუმა ოპონენტებმა დღეს აქ შემოგვთავაზეს" - დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.