პარლამენტი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე დადგენილებას კენჭს 17 ივნისს უყრის, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების პროექტი "ქრისტიან-დემოკრატიულმა" მოძრაობამაც მომზადა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის მიხედვითაც შესაბამის უწყებებმა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა უნდა უზრუნველყონ.
როგორც დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებებისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა, უმრავლესობა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს არ იზიარებს და შესაბამისად, პარასკევს, 17 ივნისს კენჭი მათ დადგენილებას ეყრება.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში კი წერია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს, წელსაც მხოლოდ ცნობად მიღებენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკვე დარიგდა დადგენილების პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ "ცნობად იქნეს მიღებული "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიში მოხსენება.
ასევე, ცნობად იქნება მიღებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიში მოხსენების თაობაზე.
დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში კი ნათქვამია, რომ "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალება, რომ განახორციელოს მონიტორინგი "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე."