საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ანგარიშის მხოლოდ ცნობად მიღებას გეგმავს.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკვე დარიგდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ "ცნობად იქნეს მიღებული "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება.
ასევე, ცნობად იქნება მიღებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე.
დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში კი ნათქვამია, რომ "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალება, რომ განახორციელოს მონიტორინგი "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე."
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში, სადაც კონკრეტულ რეკომენდაციებზეა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობა მათ გაზიარებას არ აპირებს.
ოპოზიციის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ტრადიციას არ ღალატობს და ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ ცნობად მიიღებს, რომელიც 2009 წელს მიღებული დადგენილების კოპირებას წარმოადგენს.
ამასთან, სახალხოდ დამცველის ანგარიშზე დადგენილების მიღება პარლამენტმა შესაძლოა მომავალ პლენარულ სხდომისთვის გადადოს, რადგან სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა არ არის.