"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიში არის არა უბრალოდ ანგარიში, არამედ საბრალდებო დასკვნა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და დებატების მიმდინარეობისა და მის შემდგომაც პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ იმ ადამიანებს ქმედებებს, რომელთა გვარები და უწყებები იქნა მოხსენებული ამ ანგარიშში. ის, რაც დღეს მოვისმინეთ, მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ დასკვნა, ანგარიში, არამედ საბრალდებო დასკვნა იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომელებიც მთელ რიგ უწყებებსა და სამსახურებს ხელმძღვანელობენ საქართველოში", - აღნიშნა თარგამაძემ.
უმცირესობის ლიდერი დაინტერესდა, არის თუ არა ანგარიშში მოყვანილი ფაქტები, არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, არამედ სამართლებრივი რეაგირების საფუძველი ცალკეული მინისტრებისა და უწყებების ხელმძღვანელების მიმართ, იმ დანაშაულებებისა და გადაცმებს გამო, რასაც ადამიანის უფლებების შელახვა და სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვა.
თარგამაძემ სახალხო დამცველის სთხოვა, ინფორმაცია მიეწოდებინა, როგორია 26 მაისს დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობდა და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო თუ არა, ასევე როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.