ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პირველ განცხადებას დღეს, 7 ივნისს გააკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებმა განუცხადეს, სწორედ 7 ივნისს გახდება ცნობილი, რითი უპასუხებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის ოპოზიციური ნაწილი "ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკას".
წინასწარი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს "რვიანის" არც ერთი წინადადება არ მიუღია, "რვიანი" მოლაპარაკებების შეწყვეტას არ აპირებს. მეტიც: ახალი ინიციატივებით გამოვა.
შეხვედრა, რომელზედაც, ოპოზიციური პარტიები ახალ სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ, "თბილისში მარიოტში", 13:00 საათზეა ჩანიშნული. მას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "რვიანმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხი წერილობითი ფორმით მაისის ბოლომდე დაეფიქსირებინათ.