რუსეთის ხელისუფლება ტერორისტული ორგანიზაციასავით იქცევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ნატოს ოფისთან დაგეგმილი ტერაქტის შეფასებისას აღნიშნა.
"უკვე დადასტურებულია, რომ ამ ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც 21-25 მაისს კრემლს არაფერი გამოუვიდა აქციებით, ახლა ისინი ტიპური ტერორისტული ორგანიზაციასავით იქცევიან და საქართველოში ტერაქტების მოწყობის გაგრძელებას ცდილობენ", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი შეფასებით, რუსეთს დღევანდელი ლიდერების პირობებში საერთაშორისო ზეწოლის გარეშე რთული იქნება ქვეყანა ნორმალურ განვითარების პროცესს დაუბრუნდეს.
"საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთს ძალიან სერიოზული გაფრთხილება მისცეს საერთაშორისო, მაღალ დონეებზე და იმედი გვაქვს ეს შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აშშ-ის კონგრესის წევრებს უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ: თბილისში მდებარე ნატოს სამოკავშირეო ოფისის შენობაზე ტერორისტული აქტის მოწყობა იგეგმებოდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთდა. დეტექტივ გიორგი ბუხრაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა დაგეგმილი ტერორისტული აქტის აღკვეთა დღეს შეძლეს.