საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) პრეზიდენტი გიორგი წერეთელი მსოფლიოს ლიდერთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა აივ/შიდსის პრევენციის შეეხება და იგი 8-10 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში გაიმართება.
აივ/შიდსის ეპიდემიის გავრცელებიდან 30 წლის და აივ/შიდსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი უმნიშვნელოვანესი სპეციალური სესიიდან 10 წლის შემდეგ მსოფლიო ლიდერები განიხილავენ მიღწეულ პროგრესს, ასევე დაგეგმავენ სამომავლო მოქმედების გეგმას, ინფიცირებულთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.
შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული იქნება ახალი დეკლარაცია, რომელიც უპასუხებს ახალ გლობალურ გამოწვევებს.
წერეთელი აღნიშნულ შეხვედრაზე უხელმძღვანელებს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, ასევე საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოვა პლენარულ სხდომაზე.
როგორც გაეროს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2011 წლის უმაღლესი დონის შეხვედრა უნიკალური გლობალური შესაძლებლობაა პარტნიორებისთვის, შეხვდნენ ერთმანეთს და განავითარონ აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის გეგმა.