"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, IRI-ის კვლევების თანახმად, პარტიის კანონშემოქმედებით მუშაობას მოსახლეობის 9%-ს მაღალ შეფასებას აძლევს. აღნიშნული კვლევების შედეგები ჟურნალისტებს ბაღათურიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
როგორც დეპუტატი აცხადებს, კითხვაზე - რომელი პარტიის საპარლამენტო მოღვაწეობა მოგწონთ, გამოკითხულთა 8% "ქართულ დასს" მაღალი შეფასებას აძლევს, ხოლო 1% მიიჩნევს, რომ პარტიის კანონშემოქმედება საუკეთესოა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ამასთან, "ქართული დასის" პარლამენტში მოღვაწეობას საშუალო შეფასებას, 27%-ს აძლევს.
"ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მხარდაჭერა "ქართულ დასს" საზოგადოების 9%-ში აქვს, ხოლო 27% ჩვენ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს და თუ ასე წარმატებით გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი რეიტინგი 36%-მდე გაიზრდება", - ამტკიცებს ბაღათურია.
მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა იმითაც არის განპირობებული, რომ "ქართული დასის" საკანონმდებლო ინიციატივები მოსახლეობისთვის გასაგები და მისაღებია.