საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, რუსეთმა სტრატეგიად ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს მოსახლეობის ტერორიზირება აირჩია. ამის შესახებ გაბაშვილმა სამართალდამცველების მიერ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებული პირების დაკავების შეფასებისას აღნიშნა.
"როგორც ჩანს, ეს არის რუსეთის ოფიციალური სტრატეგია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი საცეცები გადმოყონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზედაც და იქ უკვე ტერორისტული აქტებით მოახდინონ ჩვენი მოსახლეობის ტერორიზირება", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, სამართადამცველებმა კარგად იმუშავეს და მათი ძალისხმევით ტერორისტული აქტის თავიდან აცილება მოხდა.
დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თამილა ბენია და აბესალომ ჩხეტია საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავეს. სპეცოპერაცია ცაისში ჩატარდა და იქვე მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰეგსოგენის გაუვნებელყოფა, რომელიც დაკავებულებმა ხელჩანთით გადმოიტანეს.