კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ვანუატუს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება „სასაცილო თემა" ნამდვილად არაა.
„ეს ნამდვილად არაა სასაცილო თემა და ძალიან დამაფიქრებელია, რომ ამ საკითხს საქართველოში დასცინიან", - ასე ეხმაურება „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის რიგი წარმომადგენლის ცინიკურ და იუმორისტულ დამოკიდებულებას.
ამასთან, კონფლიქტოლოგი იმასაც განმარტავს, რის გამოც რუსეთს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის ვანუატუს მსგავსი პატარა სახელმწიფოების მიერ აღიარება აწყობს და აცხადებს, რომ მიუხედავად ამ ქვეყნის ფართობის სიმცირისა, ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მისი გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის ამღიარებელთა რიცხვი იზრდება.
„მართალია, ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარება იყო, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ მოსკოვი ვანუატუს მსგავს პატარა სახელმწიფოებს შეგნებულად არჩევდეს, რათა ასეთი ქვეყნები აფხაზეთს ვერაფერში დაეხმარებიან და მათ ე.წ. დამოუკიდებლობას რეალურად ვერ უზრუნველყოფენ, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს აფხაზეთი ისევ მასზე იყოს მიბმული. აქედან გამომდინარე, მოსკოვისთვის ახლა მნიშვნელობა აქვს არა „ხარისხს", არამედ რაოდენობას, რადგან თუ კოსოვოს აღიარების საკითხი გაეროში დადგება, მას რუსეთი ამავე ორგანიზაციაში აფხაზეთის საკითხს დაუპირისპირებს და იტყვის, რომ ის ბევრმა სახელმწიფომ აღიარა. ასე რომ, მოსკოვს სჭირდება რაოდენობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ვანუატუს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაში დასაცინი და სასაცილო არაფერია და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ურჩევნიათ დაფიქრდნენ, სანამდე მიიყვანა მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ საქართველოს ურთიერთობა აფხაზეთთან", - განუმარტა „ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტოლოგმა.
შეგახსენებთ, რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს შემდეგ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ვანუატუმაც სცნო. აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის რიგი წევრი სიცილითა და იუმორით შეხვდა და აღნიშნეს, რომ საგანგაშო არაფერია იმ ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაში, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რუკაზე სად მდებარეობს.