საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ ჰიპოკრიტიული სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც თავისუფლებებს კლავდა. ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ „ატლანტიკურ ვახშამზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოზე და მისგან შექმნილ პრობლემებზეც.
„მოხარული ვარ, რომ აქ შეკრებილ საზოგადოებას მივმართავ. ამ დღეებში ჩვენ ვმასპინძლობდით მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკოსებს. დღეს საქართველოს მთავრობაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ ჰიპოკრატიული სისტემის წამომადგენლები, რომლებიც თავისუფლებებს კლავდა. საქართველომ ძალიან ბევრი შოკი გადაიტანა და ძალიან ცოტა ქვეყანა თუ გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენ გავუძელით. დაგვიწესეს ეკონომიკური ემბარგო და სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში დავკარგეთ ჩვენი ბაზრის 60 %. ერთი წლის მანძილზე შეწყდა ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის 90 %. დავკარგეთ მშვიდობიანი გარემო, რადგანაც მუდმივად გვესხმოდნენ თავს და გვიწყობდნენ დივერსიულ ტერაქტებს. ახლა არ მსურს ყველაფერ ამის დეტალურად გახსენება, მაგრამ ეს რეალობაა. მუდმივად ამ წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, მაგრამ მიუხედავად ამისა ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა. სიღარიბე შემცირდა 18-დან 15 პროცენტამდე. მე ამით ძალიან ამაყი ვარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისმა ატლანტიკურ ვახშამს 28 მაისს უმასპინძლა. „ათლანთიკ დინერ" მეათედ იმართება, თუმცა პირველად საფრანგეთის საზღვრებს გარეთ. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, დასავლელი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეც გამოვიდნენ.