2009 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული პოლიტპატიმრებით ხვდება. 2001 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია FIDH-მა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა დაადასტურა. ნათქვამია "დემოკრატიული მორაობა _ ერთიანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
"სულ ორიოდე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკელმა კონგრესმენმა, ფრენკ ვოლფმა პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით კონგრესმენმა პატიმართა დაშინების და აბუჩად აგდების, საპატიმრო და წინასწარი დაკავების ადგილებში ცუდი პირობების, პოლიციის დაუსჯელობის, ადვოკატის ხელმიუწვდომლობის, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლებაზე ზეწოლის ფაქტების შესახებაც ისაუბრა.
ადამიანის უფლებათა დაცვა გულისხმობს ყველა სქესის, აღმსარებლობის, პროფესიის ადამიანთა უფლებათა დაცვას", - აცხადებს ნათქვამია "დემოკრატიული მორაობა _ ერთიანი საქართველო".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული რეჟიმი ცდილობს ადამიანებს დაავიწყოს, რომ მათი უფლებები და კანონი უზენაესია და რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქე და მისი უფლებები. ხელისუფლება პროპაგანდის გზით ცდილობს თავი დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების დამცევლად წარმოაჩინოს მაშინ, როცა ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს.
"ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი. ხელისუფლება, რომლისთვისაც კანონი და მისი უზენაესობა დიდი ხანია აღარ არსებობს, ყველა მეთოდით ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. პროფესიონალმა კადრებმა დაკარგეს სამსახური, ათეულობით ადამიანი პოლიტპატიმრად იქცა, ხელისუფლება ახორციელებს ფიზიკურ, მორალურ, ფინანსურ ტერორს. ადვილი ამოსაცნობი გახდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, მათ ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიები თითქმის ყოევლდღე „უძღვნიან" „ჟურნალისტური ენთუზიაზმით" შეთითხნილ სიუჟეტებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მორაობა _ ერთიანი საქართველო" აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გახშირდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისა და ჟურნალისტთა დაშანტაჟების ფაქტები - ამის მაგალითად თუნდაც რამდენიმე დღის წინ გაზეთ „ბათუმელების" ჟურნალისტის დაშანტაჟების ფაქტი შეგვიძლია დავასახელოთ.
"2009 წელს „დემოკრატიული მოძრაობა" რეჟიმის მიერ ამოქმედებული „სადამსჯელო მანქანის" ნომერ პირველი სამიზნე გახდა. ოპოზიციის დევნისა და დისკრედიტაციის ყველა მეთოდი - ფიზიკური, მორალური, ფინანსური ტერორი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები - განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელდა.
„დემოკრატიული მოძრაობის" ათეულობით მხარდამჭერი ხელისუფლებამ პოლიტიკურ პატიმრად აქცია. ფინანსური ზეწოლის მსხვერპლთა უმეტესობაც სწორედ „დემოკრატიული მოძრაობის" აქტიური წევრია.
განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერებს კახა ხანდოლიშვილსა და ამირან ბიწაძეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მორაობა _ ერთიანი საქართველო" აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა არერთხელ მოუწოდეს საქართველოს ყველა მეგობარს, რათა გაზრდილიყო საერთაშორისო ყურადღების კონცენტრაცია, დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა რიცხვი ქვეყანაში; საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას მოეხდინა სასწრაფო რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პერმანენტულად მზარდ ძალადობაზე, დაეგმო ძალადობის ნებისმიერი ფორმა და არაკონსტიტუციური ქმედება.
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიას პოლიტპატიმართა შესახებ სრული ინფორმაცია გადაუგზავნა.
საერთაშორისო, სამოქალაქო და ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა უკანონოდ დაკავებულ ადამიანთა მცირე ნაწილი გაენთავისუფლებინა. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთგზის მოთხოვნისა, დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას განხორციელებული ძალადობის 200-მდე შემთხვევა", _ აღნიშნავს "დემოკრატიული მორაობა _ ერთიანი საქართველო".
"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა იმ ადამიანთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ვისი უფლებებიც შელახა არსებულმა ხელისუფლებამ და რეჟიმმა. ჩვენ ვიდგებით იმ ათეულობით უკანონო, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანის გვერდით, ვინც დღევანდელ თარიღს შიმშილობის აქციით გამოეხმაურა.
რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მან თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ყველა უსამართლო საქმეს გადახედავს და ყველა უსამართლოდ დასჯილს გაამართლებს.
ყველა იმ გამომძიებელისა და მოსამართლის, რომელიც უკანონოდ მოქმედებს, სახელი და გვარი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი კანონის წინაშე დადგება", _ ნათქვამია განცხადებაში.