საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შვედეთში ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრს, კარლ ბილდტს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტები იყო.
„განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რომლებსაც იქ სისტემატურად აქვს ადგილი და ასევე რუსეთის მიერ საქართველოში დაგეგმილი და განხორციელებული ტერორისტული აქტები", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრიც. ამასთან, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ურთიერთობაზეც.
გრიგოლ ვაშაძე შვედეთში გუშინ, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.