ხვალ, 5 მაისს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება მულტისექტორული შეხვედრა "თანამშრომლობა გენდერული ძალადობის დაძლევისთვის საქართველოში".
შეხვედრა მიზნად ისახავს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის "დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიის" ფარგლებში ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობისა და თანამშრომლობის სამწლიანი შედეგების, მიღწევების, გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების მიმოხილვასა და შეჯამებას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე.
პროექტი "დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამერიერკავკასიაში", გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში 2008 წლიდან ხორციელდება.