ისლამისტური ინტერნეტ-ფორუმის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დასავლეთს შურისგებით ემუქრებიან.
"ალაჰ, გააკეთე ისე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ იყოს... ობამა, ალაჰმა შენ შეგაჩვენა ", _აცხადებენ ისლამისტები ერთ-ერთ არაბულ ფორუმზე.
"ამერიკელებო, ჩვენ ძველებურად გვაქვს უფლება, კისერი გამოგჭრათ. შესაძლოა, უსამა მოკლულია, მაგრამ ჯიჰადის მისია არასდროს მოკვდება. ძმებო და დებო, ცოტა ხანს დაიცადეთ და დაინახავთ, რომ თვით მისი სიკვდილიც კი ჩვენს საკეთილდღეოდ მობრუნდება",_ნათქვამია ისლამისტურ ფორუმზე.
შეგახსენებთ, დღეს დილით ისლამაბადის მახლობლად მდებარე პაკისტანის ვილაში უსამა ბინ ლადენი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთანავე მან ბინ ლადენის დაჭერის ან მოკვლის ბრძანება გასცა.