თბილისის მერიისა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით სასტუმრო „თბილისი მარიოტში" თბილისის განვითარების სტრატეგიის ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნესს ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფორუმის ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის განვითარების სტრატეგიაზე თბილისი მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და მსოფლიო ბანკი ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ქალაქების ალიანსისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
განვითარების სტრატეგიის ფორუმს თბილისის მერი გიგი უგულავა გახსნის და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფორუმის მსვლელობისას მსოფლიო ბანკის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელი ასად ალამი პრეზენტაციას გამართავს და ქალაქების განვითარებაში სტრატეგიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებს.
ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები ქალაქის პროფაილს გაეცნობიან, რომელიც თბილისი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა და ის ქალაქის დღევანდელ სიტუაციას აღწერს.
პრეზენტაციის შემდეგ ფოკუს ჯგუფები შემდეგი თემებს განიხილავენ:
ქალაქი და ხალხი: ქალაქის მდებარეობა და დემოგრაფია;
მეწარმე ქალაქი: თბილისის ფუნქცია და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური სექტორები; როგორ შევამციროთ უმუშევრობა;
საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქი: კომუნალური მომსახურება, ურბანული სერვისები (საზოგადოებრივი ტრანსპორტი; განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება), საბინაო პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა;
ქალაქის მართვა: მმართველობა, ქალაქის ბიუჯეტი;
ასევე განხილულ იქნება ქალაქის ძლიერი და სუსტი მხარეები; გაანალიზდება თბილისი განვითარების წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოიკვეთება შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ ქალაქის განვითარებაში.