საუდის არაბეთის მმართველმა მეფე აბდულამ ახალი დეკრეტი გამოსცა, რომელიც მედიასაშუალებებზე ცენზურის გამკაცრებას გულისხმობს.
ამიერიდან ჟურნალისტებს ნებისმიერი მასალის გამოქვეყნება ეკრძალებათ, რაც შარიათის კანონებს არღვევს, უცხოურ სახელმწიფოთა ინტერესს ემსახურება და ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრება. დეკრეტის დამრღვევებს 133 ათას აშშ დოლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
ამასთან, დეკრეტის დარღვევის გამო არაბეთის ხელისუფლებას არა მხოლოდ გამოცემის დახურვა შეეძლება, არამედ კონკრტულ ჟურნალისტს მედიასაშუალებებში პუბლიკაციის დაბეჭდვას სამუდამოდ აუკრძალავენ.
ცნობისთვის, არაბეთში მედიასაშუალებები ხელისუფლების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. სიმკაცრე ტუნისსა და ეგვიპტეში, ასევე, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი არეულობით აიხსნება. მხოლოდ გასულ კვირას საუდის არაბეთში მოწყობილი დემონსტრაციის დროს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ორი ცნობილი ბლოგერი.