იუსტიციის სამინისტროს საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხით შეძენილი კომპიუტერები დღეს თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს თავად აქციის მონაწილეებმა ჩაუტანეს. „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს" - ამ იდეის ირგვლივ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ცნობილი მომღერლები, მწერლები, პოეტები, სტუდენტები გაერთიანდნენ და 17 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად შარდენზე საქველმოქმედო აქცია გამართეს.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეატრალიზებულ სანახაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები - ზუმბა, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, სალომე ბაკურაძე... ილუზიონისტები, მოძრაობის თეატრის მსახიობები; სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტები; ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები; უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
შარდენზე შეკრებილებს აქციის მონაწილეებმა მრავალფეროვანი სანახაობა და არაერთი მხიარული თამაში შესთავაზეს. საქველმოქმედო აქციაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა აუქციონი, სადაც გაიყიდა ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის წიგნები მწერლის ავტოგრაფით, ასევე ცნობილი ქართველების ნაქონი ნივთები. საგამომცემლო სახლებმა - „ბაკურ სულაკაური", "ელფი", "საბავშვო ენციკლოპედია", "საქართველოს მაცნე", „არტანუჯი", ასევე წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ლიბრამ" საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები გაყიდეს.
პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლების ორგანიზებული აქციის შედეგად 6300 ლარი შეგროვდა, რომლითაც მათ 7 ახალი კომპიუტერი შეიძინეს და დღეს მომღერლებთან ერთად თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეწვივნენ. სახლში მოეწყო კომპიუტერის ოთახი, დარჩენილი თანხით იუსტიციის სამინისტრომ ბავშვებს ერთი წლის ვადით ინტერნეტის გადასახადი გადაუხადა, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები კი მოზარდებს კომპიუტერის შესწავლაში დაეხმარებიან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლების დახმარებას.