გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" დაკავებული სამი წევრი, სავარაუდოდ, „ევროვიზიის" მუსიკალურ ფესტივალზე ტერაქტის მოწყობას აპირებდა.
გაზეთ Bild-ის ცნობით, მოსალოდნელი ტერაქტის ზუსტი სამიზნე ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუმცა თავდასხმის სავარაუდო ობიექტებს შორის ევროვიზიის ფესტივალი სახელდება. სწორედ დიუსელსდორფში აიყვანეს სავარაუდო ტერორისტები.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთმა, 29 წლის მაროკოელმა გასულ წელს პაკისტანში „ალ-ქაიდას" ბანაკებში გაიარა მომზადება. მოგვიანებით იგი გერმანიაში ტერაქტის მოსაწყობად დაბრუნდა.
დანარჩენი დაკავებულები_მაროკოელი და ირანელი სავარაუდო ტერორისტები, გერმანიის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ. სპეცსამსახურები მათ კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ.