ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ვაჟმა სეიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ ლიბია არ დანებდება, მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა ნატო მის დაბომბვას 40 დღის განმავლობაში.
"მნიშვნელობა არ აქვს, გაგრძელდება თუ არა ლიბიის დაბომბვა 40 დღის ან 40 წლის განმავლობაში. ჩვენ მაინც არ დავნებდებით",_განაცხადა კადაფის ვაჟმა ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ლიბიაზე ავიადარტყმებს ახორციელებდეს, აშშ მას "ალ-ქაიდასთან" ბრძოლაში უნდა ეხმარებოდეს.
სეიფის თქმით, როგორც კი მისურატი და ბენგაზი ტერორისტებისგან გათავისუფლდება, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში ნაციონალური შერიგებისა და დემოკრატიის ხანა დადგება, რომლის თანახმადაც, მამამისის როლი სიმბოლური იქნება.
შეგახსენებთ, უფრო ადრე მუამარ კადაფის ვაჟმა ნატოს ქვეყნებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ მათ თავს არ ვესხმით, საზღვაო საზღვრებს არ ვარღვევთ, რატომ გვესხმიან თავს? _კითხულობს კადაფის ვაჟი.
მისი თქმით, ლიბიის ხელისუფლება დაზავებისთვის მზადაა, მაგრამ შერიგება ცალმხრივი არ უნდა იყოს. ამასთან, სეიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ ნატოს ქმედება გაეროს მანდატის ჩარჩოებს გასცდა, რისთვისაც რუსეთს, ჩინეთს, მეგობრულ აფრიკულ თუ ლათონოამერიკულ ქვენებს რეზოლუციის გადახედვის მიზნით გაეროს საბჭოზე ზეწოლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ძალების ავიაიერიშის შედეგად ტრიპოლიში მუამერ კადაფის შვილი საიფ ალ-არაბი და სამი შვილიშვილი დაიღუპა.
შესაბამის ინფორმაციას ლიბანის მთავრობაზე დაყრდნობით ბი-ბი-სი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად მუამერ კადაფიც იმავე ვილაში იმყოფებოდა, რომელზედაც ავიდარტყმა ნატოს ავიაციამ მიიტანა.
უცხოეთის ჟურნალისტები, რომლებიც ლიბიის მთავრობის წარმომადგენლება შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს აცხადებენ, რომ საიფ ალ -არაბის სახლი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული ინფორმაციით ნანგრევებში აუფეთქებელი ბომბიცაა.
29 წლის საიფ ალ-არაბი კადაფის შვილებს შორის ყველაზე უმცროსია და იგი საზოგადეობის ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა ვიდრე სეიფ ალ-ისლამი.
საიფ ალ-არაბი ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა.
ლიბიის მთავრობის წარმომადგენლის მუსა იბრაჰიმის განცახდებით, შენობას დამანგრეველი დარტყმა "სრული ძალით" მიაყენეს.
ნატოს უკვე დაადასტურა ტრიპოლიში არსებულ "ობიექტზე" მიტანილი დარტყმა.