დღეს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს კომპიუტერებს ჩაუტანენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად ეწვევიან.
„ჩვენ ერთი სახლი გვაქვს" - ამ იდეის ირგვლივ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ცნობილი მომღერლები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, სტუდენტები გაერთიანდნენ და 17 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად შარდენზე საქველმოქმედო აქცია გამართეს.
პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლების ორგანიზებული აქციის შედეგად 6300 ლარი შეგროვდა, რომლითაც მათ 7 ახალი კომპიუტერი შეიძინეს და 1 მაისს მომღერლებთან ერთად თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეწვევიან.
სახლში მოეწყობა კომპიუტერის ოთახი, დარჩენილი თანხით იუსტიციის სამინისტრო ბავშვებს ერთი წლის ვადით ინტერნეტის გადასახადს გადაუხდის, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები კი მოზარდებს კომპიუტერის შესწავლაში დაეხმარებიან.