პრინცმა უილიამმა დ მისმა მეუღლე ქეთრინ მიდლტონმა, რომლებმაც 29 აპრილს იქორწინეს, თაფლობის თვე გადადეს. ამის შესახებ The Daily Mail-ი იტყობინება.
საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად, წყვილი შაბათ-კვირას დიდ ბრიტანეთში გაატარებს, რის შემდეგაც ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
უკვე მომავალი კვირიდან პრინცი, რომელმაც კემბრიჯის ჰერცოგის ტიტულიც მიიღო, სამსახურს დაუბრუნდება. იგი სამძებრო-სამაშველო შვეულმფრენის პილოტი გახლავთ.
სამეფო რეზიდენციის პრესსამსახურის მონაცემებით, წინასწარ ცნობილი არ იქნება, თუ სად გაატარებს წყვილი მომავალი კვირის გამოსაშვებ დღეებს. ამასთან, საზოგადოება ვერც იმას შეიტყობს, სამომავლოდ დაგეგმილი ორკვირიანი საქორწილო ტურნეს დროს სად გაემგზავრებიან ახლადდაქორწინებულნი.
შეგახსენებთ, უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაქორწინებისთანავე სამეფო წყვილი შვეულმფრენით დატოვებდა რეზიდენციას და უცხოეთში თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრებოდა. პრინცისა და პრინცესას თაფლობის თვის სავარაუდო ადგილად ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ლათინოამერიკული კურორტები სახელდებოდა.