"მოლდოვაში ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, როცა ხელისუფლების სათავეში ჯიბეების გასქელების მსურველი ქურდები არ ისხდებიან", - განცხადება ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრუ ტენასემ რადიოსადგურ "Radio Noroc"-ის ეთერში გააკეთა.
ტენასემ მაგალითისთვის საქართველო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელიც "ძალიან მტკივნეულ რეფორმებზეც კი წავიდა".
"მე ვსაუბრობ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. იგი ძალიან ძალიან მტკივნეულ რეფორმებზე წავიდა. ის არ არის ქურდი და არც მის ირგვლივ არიან ქურდები. აი, რატომ გამოუვიდა საქართველოს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ჩვენთან, მოლდოვაში რაღაც მსგავსია საჭირო. თუკი ასეთი ლიდერი გვეყოლება, მაშინ შესაძლებელი იქნება მივაღწიოთ იმას, რასაც ქართველებმა მიაღწიეს", - აცხადებს ტენასე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების დაწყებასა და გატარებას მოლდოვაში ნათესაობრივი კავშირები და პირადი ინტერესები უშლის ხელს.
"როდესაც უფროსი თანამდებობებს ყიდის, რას აკეთებს ის, ვინც მათ ყიდულობს? ეს ნაციონალური სპორტის სახეობაა და ყველაზე მსხვილი ბიზნესია. ოთხ წელიწადში ერთხელ იწყება აუქციონი თანამდებობების გაყიდვის - იწყება ყველაზე მაღალით და ყველაზე დაბალი თანამდებობით სრულდება", - აცხადებს ალექსანდრუ ტენასე და ამ კუთხითაც საქართველოს პრეზიდენტის მაგალითზე აკეთებს აქცენტს.
"სააკაშვილმა პოლიციაში კორუფციის პრობლემა ნახევარ წელში გადაჭრა, კიდე ნახევარ წელში ყველა ქურდი დაიჭირა და ციხეებში ჩასვა. და არავითარი საუბრები. არ უყურებდა ვინ ვისი ნათესავი იყო, ვინ იხდიდა ქრთამს და ვინ არა. ჩვენთან კი არავითარი ცვლილება არ მომხდარა და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა', _ აცხადებს ალექსანდრუ ტენასე.