დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შს სამინისტროს სამი გენერალი, მათ შორის შს მინისტრის თანაშემწე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
თანამდებობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან: შს სამინისტროს ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის თანაშემწე გენერალ-მაიორი ალექსეი პოზდნიეკოვი, შს სამინისტროში არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მატვეევი და შს სამინისტროს საორგანიზაციო-საინსპექციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ ვოლინსკი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს დიმიტრი მედვედევმა შს სამინისტროს 10 გენერალი თანამდებობიდან დაითხოვა. ყველა გათავისუფლებული რუსეთის სხვა და სხვა რეგიონის პოლიციის სამმართველოებში ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
20 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან შვიდი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა თანამდებობიდან შს სამინისტროს ათობით თანამდებობის პირი დაითხოვა. კრემლის ინფორმაციით, წმენდა სტრუქტურაში შს რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.