.შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით დღეს უწყებრივი მედლებით 200 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება "ვაზიანი 2011", რომელშიც სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობების ქვედანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნების მიზანი იყო თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა და ასევე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.
სწავლება ოთხ ფაზას მოიცავს. პირველი ორი ფაზა მოსამზადებელი პერიოდი და საველე-ტაქტიკური ვარჯიშები უკვე ჩატარებულია. დღეს სწავლების მესამე ფაზა - ბატალიონის საველე-ტაქტიკური სწავლება განხორციელდა.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამაა შექმნილი. პროგრამით გათვალისწინებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანაა არ დაუშვან მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
"ვაზიანი 2011" მასშტაბური ხასიათისაა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის, ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე ხელმძღვანელობს. მან ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო სწავლებას უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად დაესწრო.
სწავლების მნიშვნელოვან რგოლს შემფასებელთა ჯგუფი წარმოადგენს. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა მონიტორინგი ბატალიონის, ასეულის, ოცეულისა და ათეულის დონეზე განახორციელეს.
წვრთნებში სულ 678 სამხედრო მოსამსახურე და 79 ერთეული სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.