30 აპრილს, კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კულტურის ფესტივალი იმართება, რომელიც ქართული კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის 15 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი".
საზეიმო ღონისძიებას უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი" სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია"-ს, უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანადგომით მართავს.
კონცერტს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს' ღონისძიების ორგანიზატორმა უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი"-ს პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ აცნობა ქართული კულტურის ფესტივალზე მონაწილეობას კულტურის ცენტრის კოლექტივებთან ერთად ცნობილი ქართული მომღერლები სოფო ხალვაში, ნინო ჩხეიძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე მიიღებენ, ღონისძიებას საქართვეკლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ჩვენი დილის" წამყვანი ნიკა ხაჩიძე გაუძღვება.
"კონცერტის მთავარი მიზანი უცხოეთის მიწაზე თანამემამულეების გაერთიანება და მომავალი თაობის ქართული სულისკვეთებით აღზრდაა. ასეთი ღონისძიებების ჩატარება უდიდეს როლს შეასრულებს ასევე ქართულ-უკრაინული მეგობრობის უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებაში", - განმარტავს ბესიკ შამუგია.
მისი თქმით, საზეიმო კონცერტის დაწყებამდე უკრაინის დროით 15:00 საათზე უკრაინის რეგიონებიდან დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომლებიც საქართველოს წინსვლაზე, იქ არსებულ რეალობაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე იზრუნებენ. ფორუმს უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში შვიდი კვალიფიცირებული მასწავლებელი მოღვაწეობს. ისინი უანგაროდ ემსახურებიან ქართველ და უკრაინელ საზოგადოებას, არ იშურებენ ძალ-ღონეს, რომ ქვეყანას ღირსეული მამულიშვილები გაუზარდონ, ეხმარებიან ბავშვებს ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ ბოლო დროს იმატა უკრაინელი ახალგაზრდების რიცხვმაც, რომლებიც ქართულ ენას, ცეკვასა და სიმღერას დიდი მონდომებითა და ხალისით სწავლობენ", - აცხადებს შამუგია.
ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (ქართული საკვირაო სკოლა) 1996 წელს უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი ქართველების თანადგომით გაიხსნა.
კიევის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "იბერიელი", ფოლკლორული ანსამბლი და ქართული ცეკვის სტუდია.