"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი სამასალე მორის უკანონო ტრანსპორტირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას აპროტესტებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გაუგებარია, რის მიღწევა სურს ხელისუფლებას, როდესაც ტყიდან ხე-ტყის კანონდარღვევით ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
"სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც უკვე მიცემულია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ტყიდან საშეშე მასალის გამოტანისთვის", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, უამრავი შემთხვევაა, როდესაც ასობით და ათასობით ადამიანს იმისთვის, რომ ელემენტარულად ოჯახისთვის გათბობის საშუალება მოეპოვებინა, საპროცესო გარიგება გაუფორმეს.
"ამ მიმართულებითYსისხლის სამართლებრივი დევნის გამკაცრება და თანაც იმ ადამიანებზე ჯოხის გადატეხა, რომელიც უნებართვო მასალის ტრანსპორტირებით არიან დაკავებულნი, ამორალური საქციელია, მაგრამ ამავე დროს კარგად ჯდება იმ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2005 წელს გამოაცხადა", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების ნაწილი ცაგარეიშვილს დაეთანხმა და აღნიშნეს, რომ საკითხის მეორე მოსმენამდე გადაიხედება.
როგორც ცნობილია, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება - ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, გამეორება კი ჯარიმით ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.