ფოტოკონკურსი, სახელწოდებით "ფოტომარათონი თბილისი", საქართველოში პირველად ჩატარდება.
ფოტომარათონის პროექტი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება, სტარტს 2011 წლის 1-ელ მაისს თბილისში აიღებს. ფოტომარათონი გოეთეს ინსტიტუტში დაიწყება, დღის განმავლობაში 2 Check point - ს გაივლის და გოეთეს ინსტიტუტშივე დამთავრდება.
ფოტომარათონიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ კი საუკეთესო ფოტოები გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში გამოიფინება.
"ფოტომარათონი თბილისი" გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისში გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. "თბილისი ფოტომარათონის" პარალელურად ფოტომარათონი გერმანიასა (ზაარბრიუკენი) და საფრანგეთშიც (ნანტში) ტარდება.
პირველ მაისს გოეთეს ინსტიტუტის ეზოში ფოტომარათონისთვის დარეგისტრირებული 130 მონაწილე შეიკრიბება. მარათონის მთავარი თემაა "დიდი ქალაქის ჯუნგლები". მონაწილეები რვა საათის განმავლობაში მოივლიან ქალაქს და 18 სხვადასხვა თემის გარშემო ფოტომასალას შეაგროვებენ.
ფოტომარათონის შედეგების პრეზენტაცია პროექტის "გერმანიის დღეები თბილისში" ფარგლებში ჩატარდება (2011 წლის 16-იდან 26 მაისამდე). ამ დღესვე მოხდება საუკეთესო ფოტოების ავტორების დაჯილდოება სხვადასხვა პრიზით.