"2011 წელს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება დაიწყება", - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
კახა კუკავა აცხადებს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით უახლოეს მომავალში შეხვედრებს გამართავს და ამ მიზნით ორშაბათს საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
"მარტო ჩვენმა პარტიამ, "თავისუფალმა საქართველომ", წამოჭრა ეს საკითხი, რათა ქართველი გლეხის პროდუქცია რუსულ ბაზარს დაბრუნებოდა. ამდენად, მოლაპარაკებების გასამართად ჩვენ მიგვიწვიეს. ამჯერად იურიდიული დოკუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ",_აღნიშნა კუკავამ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
"ქართული კომპანიების 99, 99% თანახმაა, რუსულ ბაზარს დაუბრუნდეს, გარდა მცირეოდენი კორუმპირებული კლანისა. "თელიანი ველმა" და "თელავის ღვინის მარანმა" ხელისუფლების დავალებით, უარი განაცხადეს, არ გვინდა რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ჩინეთის ბაზარი გვსურსო. ამიტომაც ვეუბნებით ამ კომპანიებს, როცა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარს დაუბრუნდება, თვითონ ივაჭრონ ჩინეთის ბაზარზე.
კუკავას თქმით, ქართველ გლეხს უნდა მიეცეს საშუალება, ისეთ დიდ ბაზარზე გაიტანოს პროდუქცია, როგორიცაა რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის ბაზრები.
შეგახსენებთ, "ბი ბი სის" რუსული სამსახური "ინტერფაქსზე" დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო მოლაპარკებებს გამართავს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერთან, კახა კუკავასა და "ნაციონალური გაერთიანების კონგრესის" პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან. კერძოდ, იგი რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის საკითხის განხილვას აპირებს.