ქართული მხარე კავკასიის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა კავკასიის საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრის მიზანია მოვისმინოთ ექსპერტების მოსაზრებები ჩრდილო კავკასიის მიმართ, ასევე ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რათა საქართველოს საბოლოოდ ჩამოაყალიბოს თავის სტრატეგია ჩრდილო კავკასიისა და ზოგადად კავკასიის რეგიონის მიმართ", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარება, რომელიც როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ძალიან მძიმეა.
"რუსეთის ხელისუფლების ქმედებები, რომელიც გადადგმულია ვითარების სტაბილიზაციის კუთხით ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიულ ქმედებებს და ეს არის უაღრესად არაეფექტურია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩრდილო კავკასიის რეგიონში და საქართველო როგორც უშუალო მოსაზღვრე რეგიონის ვალდებული გამოიმუშაოს თავის პრინციპული პოზიცია და დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიის მიმართ", - აცხადებს დეპუტატი.