გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მდებარე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის რებილიტაცია მაისში დაწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი გამოყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წლის ბოლოს დასრულდება.
„გასულ წელს მუზეუმის გარშემო წყლის სადინარები მოეწყო, წელს კი ჭერის, აივნის, კიბეების, იატაკის, კედლების და სხვადასხვა დაზიანებული ადგილების სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმი უკვე წლებია რაც დაზიანებულია და დაგეგმილია მისი მთლიანად კეთილმოწყობა", - აღნიშნა უტიაშვილმა.
სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. მუზეუმში ინახება კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.