ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრები კომპლექს გუდაურის დედაქალაქის მერიისთვის მართვის უფლებით გადაცემას აპროტესტებენ. დღეს საკრებულოში "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა ინგა გრიგოლიამ, ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ ბრიფინგი გამართეს და ამ პროექტისთვის 2. 500 000 დახარჯვა გაუმართლებლად მიიჩნიეს.
მათი თქმით, ისედაც შემცირებულმა თბილისის ბიუჯეტმა არ შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მის კომპეტენციას სცილდება.
როგორც საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, გუდაურის განვითარების ფონდის ქალაქის მერიისთვის გადაცემა საკრებულოს წევრებთან შეუთანხმებლად, გასაიდუმლოებულად მოხდა.
"სტეფანწმინდას, გუდაურს საკუთარი დაფინანსება აქვს. ამდენად, გვინდა, საკრებულოს ნაციონალ წევრებს მოვუწოდოთ, დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის ბიუჯეტიდან გუდაურის განვითარების დაფინანსებას მხარი არ დაუჭირონ. სააკაშვილმა და გილაურმა პირადი ფონდებიდან გაიღონ ეს თანხები და არა დედაქალაქის ბიუჯეტიდან",_აღნიშნა გრიგოლიამ.
მისი თქმით, იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს, რომ თურმე ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს კურორტებით და თავად დებენ ამაში ფულს, გაუგებარია, თბილისის ისედაც შემცირებულ ბიუჯეტს რატომ ართმევენ თანხებს.
"უნდა განვითარდეს გუდაური, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ფედერალური და არა ქალაქის ბიუჯეტიდან. თბილისის ბიუჯეტში არსებული რეზერვები კი მიმართული უნდა იყოს ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კერძოდ, სოციალური სფერო და ჯანდაცვა. ხელისუფლების პოპულიზმის გამო დედაქალაქის მოსახლეობა ზარალდება. თანხის ხელაღებით გაცემა სხვა პროექტისთვის ჩვენი მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია",-მიიჩნევენ "ქრისტიან-დემოკრატები".
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიას კომპლექსი გუდაური მართვის უფლებით გადაეცა.