პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის დროს არეულობის მცდელობის გამო ლონდონის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.
ბი-ბი-სის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი მამაკაცია (45 და 68 წლის), ერთი კი 60 წლის მანდილოსანი.
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი სკოტლენდ-იარდის აგენტებისთვის ნამდვილი თავსატეხი გახდა. სასამართლომ 60 ადამიანს ლონდონის ცენტრში ქორწილის მსვლელობისას გამოჩენა აუკრძალა. ეს ადამიანები მანამდეც იყვნენ არეულობის მოწყობაში მხილებულნი.
ინგლისის სამეფო ოჯახის ცერემონიალზე მსოფლიოს გვირგვინოსანი და გამოჩენილი ადამიანების სტუმრობა ამ დღესასწაულს რადიკალებისა და ისლამისტების სამიზნედ აქცევს.
სკოტლენდ-იარდმა ქორწილის დღეს ვესტმისტერის სააბატოს წინ რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებებს მანიფესტაციის გამართვა აუკრძალა.
აქტივისტები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას ავღანეთსა და ლიბიაში დიდი ბრიტანეთის ახლანდელი პოლიტიკის გამო. ამასთან, მათ უკმაყოფილებას გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე სამეფო ქორწილის მდიდრული ცერემონიალის მოწყობაც იწვევს.
ამის გამო ექსტრემისტები დღესასწაულისთვის ჩრდილის მიყენებით იმუქრებიან. სკოტლენდ-იარდის აგენტები ტეროროსტული აქტის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.
ლონდონში უსაფრთხოების ზომები უპრეცენდენტოა. პოლიციელები გაწვრთვნილ ძაღლებთან ერთად მოახდენენ ქალაქის პატრულირებას.
ქორწილში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უჩვეულო არაა, რადგან ცერემონიალზე 50 სახელმწიფოს მეთაურს, შოუ-ბუზნესის ვარსკვლავებს, მათ შორის, ელტონ ჯონსა და დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების წყვილს ელოდებიან.