საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზედაც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ელბაქიანთკარში საეპისკოპოსო რეზიდენციის განთავსებისთვის 1235 კვ.მ. ფართობის მიწა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრისთვის 2137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აგრეთვე ამ ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ფართობი შეადგენს შესაბამისად 109 და 402 კვ.მ-ს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიიდან აცნობეს.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 23 თებერვალს. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე. კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.